პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ დღეს მედიას წარუდგინა კვლევა სახელწოდებით – „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევა სამოქალაქო სექტორში“. როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, კვლევა მიზნად ისახავს, ღია წყაროების ანალიზით აჩვენოს საზოგადოებას, როგორია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კონფიგურაცია პოლიტიკურ რეალობაში.
„ეს არ არის კვლევა, რომელიც მიზანდ ისახავს ვიღაცის შერცხვენას, ეს არის წარმოჩენა ანატომიისა, როგორ განვითარდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ეტაპობრივად, „ნაცმოძრაობის“ დიდი ორგანიზაციულ-ფინანსური ხელშეწყობით“, – აღნიშნა კვლევის ავტორმა.
მისივე თქმით, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირეა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გზავნილები და ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.
მისივე ინფორმაციით, ყველამ ზეპირად იცის ადამიანები, რომლებიც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, „სოროსის ფონდიდან“ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ბევრი მათგანი 2012 წელს გადავიდა არასამთავრობო სექტორში, ზოგიერთი დარჩა პარლამენტში და სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციებში.
„ნაცმოძრაობის“ მთავრობაში იყვნენ მინისტრებად გია ნოდია, თემურ იაკობაშვილი. 2011 წელს, რონდელის ფონდმა, რომლის ხელმძღვანელი იყო თემურ იაკობაშვილი, თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ერთი მილიონი ლარი სამინისტროს თანამშრომელთა თავდაცვის ანალიზის სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების სასწავლო კურსის ჩასატარებლად. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ტრენდებია ხაზგასმული. „ნაცმოძრაობის“ ექსმაღალჩინოსნებმა რონდელის ფონდში თავიდანვე დაიმკვიდრეს ადგილი, ესენი იყვნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და სხვები“, -აღნიშნა გია აბაშიძემ.
მან დაასახელა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი აზრით, შეიძლება განვიხილოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ სიტუაციურ მოკავშირეებად:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia); ასოციაცია „საფარი“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა სახლი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ასოციაცია „იდენტობა“. თეთრი ხმაურის მოძრაობა; მწვანე ალტერნატივა; კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“; კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“; კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.