(რეზონანსი) სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. როგორც სოციალურმა მუშაკმა ზოია შეცოვცევამ განაცხადა, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, გაფიცვა შეეწყვიტათ.
„ვიმედოვნებთ, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს. ყველა ადამიანი, ვინც იცნობს სოციალური მუშაობისა და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იზიარებს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალური მუშაკის მოვალეობებს ვერ შეასრულებენ. გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე", - აცხადებს სოციალური მუშაკი ზოია შეხოვცევა.
სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ. მათი განმარტებით, ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ. ამასთან, მათივე თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.
სოციალური მუშაკები ერთი კვირიის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. გასულ კვირაში ისინი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოცმუშაკებს ხელფასი 2020 წლიდან გაეზრდებათ. სამინისტრომ გაფიცული სოციალური მუშაკების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. სოცმუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.