(რეზონანსი) ჭავჭავაძის 5 ნომერში შრომის პირობების ინსპექტორები მუშაობას ერთ საათში განაახლებენ. მათ უნდა დადონ საბოლოო დასკვნა, თუ რა გახდა ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის მიზეზი, რამაც ორი მუშის სიცოცხლე იმახვერპლა.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე ყველა სახის სამუშაო შეჩერებულია.
მშენებლობაზე, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, დაცვის სამსახურია მობილიზებული. შიდა პერიმეტრზე გადაადგილების უფლება ჟურნალისტებს არ აქვთ.
ჭავჭავაძის 5 ნომერში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დამკვეთი შპს "ლეჩკომბინატი N1-ია, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წინასწარი შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირზე ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა 31 მარტს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.



"პრაიმტაიმი"