რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პერსონალის მხრიდან პაციენტზე ძალადობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ოჯახის წევრთა ბრალდებები აბსურდია.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი პაციენტი გარდაიცვალა. ჩვენი კლინიკა მწუხარებას გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პაციენტის ოჯახის წევრთა ბრალდებებს, მესმის, რომ გაბრაზებულები არიან და ცხელ გულზე აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ არანაირად არცერთ ბრალდებაში არ არიან მართლები და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

პაციენტი ქ.ბ. ჩვენთან შემოყვანილი იყო მძიმე ფსიქო-სომატური მდგომარეობის გამო. ის მოათავსეს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფარში, სადაც დაახლოებით 1 წელიწადი გაატარა. ქალბატონს დიაგნოზად ჰქონდა ეპილეფსიური დემენცია. მას ხშირად უვითარდებოდა ეპილეფსიური გულყრები. სწორედ ამ შეტევების დროს მიიღო ის დაზიანებები და ჩალურჯებები, რაც აღენიშნებოდა სხეულზე. მე დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს დამატებით დეტალებს. რა თქმა უნდა, ძალადობის ყველანაირ ფაქტს გამოვრიცხავთ,მითუმეტეს პერსონალის მხრიდან. ეს აბსოლუტური აბსურდია", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" კლინიკის პრესსამსახურმა ლიკა დევდარიანმა.

კითხვაზე, თუკი პაციენტმა დაზიანებები საკუთარ თავს თვითონ მიაყენა, რატომ ვერ უზრუნველყო კლინიკამ მისი უსაფრთხოება, პრესსამსახური პასუხობს, რომ კლინიკაში ქ.ბ-სთან ერთად კიდევ ბევრი პაციენტია მოთავსებული და შესაძლოა ქ.ბ. ერთი წამით უყურადღებოდ დარჩა.

ქალბატონი, რომელიც ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ქუთაისის საავადმყოფოში მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს, გუშინ გარდაიცვალა. მოხუცი ქალის ოჯახის წევრები ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პერსონალს ძალადობაში ადანაშაულებენ.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×