(რეზონანსი) უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაუჩინარდა.
"პრაიმტაიმის" წყაროს ცნობით, ბიზნესმენი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიის მეწილეა, სავარაუდოდ გატაცებულია.
უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ფაქტის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქართველი ბიზნესმენის გაუჩინარების შესახებ საქართველოს საკონსულოში შეტყობინება არ შესულა და არც ოჯახს მიუმართავს განცხადებით.
ირაკლი საბულუა წარმოშობით აბაშის რაიონიდან გახლავთ. მის საცხოვრებელ სახლში ამჟამად არავინ იმყოფება. მეზობლები კი ამბობენ, რომ საბულუა ოჯახთან ერთად უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს და იქ ბიზნეს საქმიანობას ეწევა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი საბულუა გახლავთ კომპანია „ჯეოკონსტრაქშენის" დირექტორი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი, ასევე შპს-ბის - „გემო ჯგუფის" და „გემო ჯგუფი+" მფლობელი. საბულუა ფლობს 50 პროცენტიან წილს შპს „კვათანაშიც".
"პრაიმტაიმი"