რეზონანსი
29.03.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, იგი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემის მონაწილე იყო.

ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების შემოტანა გადაწყვიტა.

განზრახვის განსახორციელებლად ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადამზიდავი კომპანია შპს "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით, ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი

იარაღის შემადგენელი ნაწილები.

პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის 7 კომპლექტი არის „გლოკი 19"-ის მოდელის პისტოლეტის,

9 კომპლექტი კი - „გლოკი 17 გან-4"-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები.

თბილისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია „გლოკის" 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი.

აგრეთვე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×