(რეზონანსი) ჩვენ არ ვიცით, ვინ ჩამოიყვანა მომღერალი საქართველოში. ეს ადამიანი ირანშიც კანონდამრღვევია - ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მან კონცერტის შესახებ არაფერი იცოდა და არც ის იცის, ვინ იყო ორგანიზატორი.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ შეუწყო ემირ თათალოს ჩამოსვლას ხელი და ვინ იყო ორგანიზატორი. ჩვენთვისაც ბევრი არაფერია მასზე ცნობილი. ეს პიროვნება არის კანონდამრღვევი ირანშიც. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ემირ თათალო გაქცეულია ირანიდან, შემდეგ ჩავიდა თურქეთში და იქიდანაც გააძევეს. როგორ მოხვდა საქართველოში, ეს უნდა ჰკითხოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანის ხალხს უყვარს ქართველი ხალხი. ისტორიულად ბევრი გვაქვს საერთო. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს, საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს.
სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ ვერ მოხდა. როცა სამართლებრივ სფეროში გვექნება თანამშრომლობა, მსგავსი ფაქტების განვიქნებით დაცული. არც ერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ერებს. ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა.
ირანის საელჩოსთან აქციას დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები მართავენ. აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გაავრცელეს. მათი თქმით, მომღერალმა საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.
"პრაიმტაიმი"