(რეზონანსი) 33 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ქალი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
დანით მიყენებული ჭრილობების გამო პაციენტს არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.
შემთხვევა 24 მარტს ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა. 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი სალონში სტილისტად მუშაობდა. ბრალდებული დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.