თამარ შუკვანი
28.03.2019

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ "აია-სოფიას" სტატუსი შეიცვლება და იგი მეჩეთად გადაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.

"მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ "აია-სოფიას". რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ეს გადაწყვეტილება რამდენად დაძაბავს ურთიერთობას აშშ-სა და თურქეთს შორის? ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" ანალიტიკოსებს გაესაუბრა.

კორნელი კაკაჩია თურქეთის დღევანდელ როლზე საუბრობს, რომელიც ერდოღანის პერიოდში რეალურად შეიცვალა. მისი თქმით, თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის დროს რელიგიის როლი ამ სახელმწიფოში გაიზარდა, რის შედეგადაც ერდოღანის პოლიტიკური როლიც შეიცვლა.

"ერდოღანის მოსვლის შემდეგ თურქეთი, როგორც სეკულარული სახელმწიფო, ძალიან დასუსტდა. ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ თურქეთი დასავლური სახელმწიფოა, თუ ის ახლო აღმოსავლეთის შემადგენელი ნაწილი გახდა.

"თუ დავაკვირდებით თურქეთის ბოლოდროინდელ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რელიგიის როლი საკმაოდ გაიზარდა, მათ შორის - ისლამის და ის გახდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი, რომელმაც ხელისუფლება ერდოღანს გაუმყარა.

"აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის იძულებულია, ნებისმიერ მსგავს გადაწყვეტილებას, რომელიც დასავლეთში მიიღება, აუცილებლად რელიგიური პასუხი მისცეს.

"თურქეთის დღევანდელი პოლიტიკაა სწორედ, რომ ცდილობენ, გახდნენ გარკვეულწილად მუსლიმანების ხმები მსოფლიოში - როგორც დიდი სახელწიფო, ცდილობს დაიცვას მუსლიმანი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომაცაა, რომ ბოლო პერიოდში ისრაელსა და თურქეთს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა არსებობს", - აღნიშნა კაკაჩიამ.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ როგორც თურქეთის, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან არასწორი და ამასთანავე, ნაჩქარევი ნაბიჯები გადაიდგა.

"აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება ბუნებრივია, არ არის შესაბამისი პასუხი, რადგან "აია-სოფია" ისტორიული ძეგლია და თურქეთმა პატივი უნდა სცეს რელიგიურ სიწმინდეებს, მათ შორის - ქრისტიანულ სიწმინდეებს საკუთარ ტერიტორიაზე.

"ეს ტერიტორია ისრაელმა, სხვა ტერიტორიებთან ერთად, დაიკავა და დღემდე აკონტროლებს, მაგრამ მას საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელის ტერიტორიად არ ცნობს.

"ტრამპის გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი, ისევე, როგორც იერუსალიმის გამოცხადება ისრაელის დედაქალაქად, რადგან ვიცით, რომ ამ ინიციატივამ შესაბამისი შედეგი აშშ-ისათვის არ მოიტანა.

"აშშ დიპლომატიურ ასპარეზზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დამარცხდა. მხოლოდ ცხრა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ის გადაწყვეტილებას იერუსალიმთან დაკავშირებით.

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა თვლის, რომ სირიაში გაბატონებულია დიქტატორული რეჟიმი, მეორე მხრივ, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელს იურიდიული უფლება გააჩნია, აკონტროლოს გოლანის მაღლობები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.

"ტრამპის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის შეცდომა. რაც შეეხება ერდოღანის გადაწყვეტილებას, მგონია, რომ თურქეთს უნდა დაეყენებინა გოლანის მაღლობების საკითხი გაერო-ს გენერალური ანამბლეის სხდომაზე, დღის წესრიგში შეეტანა აღნიშნული საკითხი", - აღნიშნავს ჩიტაძე.

კაკაჩია თვლის, რომ რელიგია გარკვეულ როლს ყოველთვის თამაშობდა დასავლეთთან ურთიერთობის პროცესში, თუმცა ერდოღანის ამ განცხადებამ და კვლავ მსგავსმა სვლამ მომავალში შესაძლოა, თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა გააუარესოს.

"ბუნებრივია, რომ რელიგია ყოველთვის თამაშობდა როლს დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობებში. თურქეთისაგან თუ იქნება ასეთი ტიპის განცხადებები დასავლეთის მიმართულებით, ეს თურქეთის ურთიერთობას ევროკავშირთან უფრო გააუარესებს და მათ შორის, აშშ-თანაც. ეს მათ ისედაც გართულებულ მდგომარეობას არ დააახლოებს თუნდაც აშშ-სა და თურქეთს შორის", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ჩიტაძე საქართველოს როლზე საუბრობს. მისი თქმით, აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა საქართველოსათვის წამგებიანი იქნება.

"საქართველოს არანაირად არ აწყობს, აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბოს. ამ შემთხვევაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გასამკლავებლად საჭიროა აშშ-თურქეთის პოზიციების დაახლოება.

"თუკი თურქეთი კვლავ წინააღმდეგობას გაუწევს ტრამპს, არ არის გამორიცხული, აშშ-ს აქვს ეკონომიკური რესურსი, საბაჟო გადასახადები თურქულ პროდუქციაზე აწიოს. განხეთქილება არის უფრო პოლიტიკური ხასიათის, ვიდრე რელიგიური. როგორც ერდოღანმა, ასევე ტრამპმა არასწორი ნაბიჯები გადადგეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×