(რეზონანსი) მუსიკოსი ბაბი, თამარ ბაბილუა 32 წლის ასაკში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გარდაიცვლა. ჯგუფ „ნიუტონის" მუსიკოსი მეხუთე წელია ებრძოდა ვერაგ სენს და ბოლოს უკვე დაუძლურებულმა ორგაზმმა ვეღარ გაუძლო. ბაბის თავზე დედა, და მეგობარი, თათა საყვარელიძე ადგნენ. ფოთში მუსიკოსს 9 წლის ქალიშვილი, ნინი ჰყავს. უდროოდ გარდაცვლილ ნიჭიერ მუსიკოსს მთელი მუსიკალური სამყარო მისტირის. დიაგნოზის დასმის შემდეგ მთელი ამ წლების მანძილზე მებრძოლ ბაბის საქველმოქმედო კონცერტებით გვერდით ედგნენ კოლეგები და არა მხოლოდ ისინი. „ნიუტონის" მსმენელები „რუფტოპ ტერასაზე" დადიოდნენ. მუსიკოსი და მაცაცო კევლიშვილი გაცილებით ადრე დამეგობრდნენ, თუმცა „რუფტოპში" მათ თანამშრომლობაც უწევდათ. დღეს უკვე მაცაცოს „პრაიმტაიმთან" ბაბიზე წარსულში საუბარი უწევს.
მაცაცო კევლიშვილი: - ბოლოს წამალი შევუცვალეთ და გვეგონა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. შაქრიანი დიაბეტი დაემართა, ანემიაც დაერთო, კუჭის წყლულიც... ამ ყველაფერს ორგანიზმი ვეღარ მოერია. ბოლოს უკვე თვითონაც გრძნობდა, რომ ცუდად იყო. ძველებურად ვაჟკაცურად აღარ გამოიყურებოდა. ამ წლების მანძილზე ჩვენ ბაბის თვალზე ცრემლი არ გვინახავს. ორი კვირის წინ საავადმყოფოდან მოვიდა, ტერასაზე დაუკრა და ისევ უკან გაბრუნდა. გავგიჟდით... გაიპრანჭა და ისე მოვიდა, ძალიან ლამაზი იყო. ზოგადად არ იპრანჭებოდა ხოლმე. ამარიდე კამერა, არ გადამიღოო, ბოლოს თითქოს დაგვემშვიდობა. ერთხელ „რუფტოპში" ცუდად გაგვიხდა. ნიუტონელებს უთხრეს ექიმებმა, რომ არ დაეშალათ ასეთ დროსაც მისთვის სიმღერა. თუმცა ცუდად ყოფნა სცენაზე არ შეუმჩნევია...
ორი დღის წინ მუსიკოსი რეანიმაციაში მოხვდა. სისხლის პირღებინება დაეწყო. როგორც მაცაცო გვიყვება, მოწესრიგდა და ისევ შემართებით მისულა კლინიკაში.
„ჯერ ისევ შემიძლია ჩემი თავის მოვლაო, ამბობდა. ძალიან მებრძოლი იყო. ოთხი წლის წინ უთხრეს, რომ ექვს თვეში აღარ იქნებოდა, მაგრამ ბაბი არ ნებდებოდა. ერთი წამით არ დაუჯერებია, რომ შეიძლება აღარ იყოს. ჩვენი მეგობრები - თათა და აჩიკო საყვარელიძეები პროფესიით ექიმები არიან და რაც მათ უცხო ადამიანისთვის, ბაბისთვის გააკეთეს, ეს ძალზედ იშვიათობაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას. ახლაც გადასაფარი გვაქვს რაღაც ხარჯები, მაგრამ ექიმებისგან ერთი შეჭმუხნული წარბი არ მახსოვს. ასეთი ადამიანური კლინიკა, კარგა ხანია არ შემხვედრია. ეს ორი დღეა ყველა საავადმყოფოსთან იყო, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია ბაბისთან, უბრალო მსმენელებიც კი, რომლებიც „ნიუტონის" მოსასმენად მოდიოდა „რუფტოპში", იქ იყვნენ... შემიძლია გითხრათ, რომ ბაბი აქამდე მეგობრებმა და გულშემატკივრებმა მოიყვანეს" - ამბობს მაცაცო.
"პრაიმტაიმი"