ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელ გელათის მოსახლეობის ნაწილისათვის საცხოვრებელი ადგილის დოკუმენტურად ცვლილებას და სოფელ კურსებად გადაკეთებას აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მოსახლეობისგან ფარულად მიიღო. ამ უკანასკნელებმა კი ცვლილების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სოფელ გელათის დასაწყისში აბრა "სოფელი კურსები" გამოჩნდა.
"დღეს გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ და გზა გადავკეტეთ. თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ. გელათი ტურისტული ზონაა და რაც სახელი გადაარქვეს, ქონების ფასი დაეცა. სოფელს კურსები დაარქვეს და ყველა შენობას სოფელში გელათი აწერია. ამდენი ხანია ვიბრძვით და არ გავჩერდებით", - ამბობს სოფელ კურსების მკვიდრი მევლუდ კუბლაშვილი.
კურსების თემის მაჟორიტარი გიორგი ავალიანი ამბობს, რომ ტყიბულის საკრებულო საკითხზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. "მოსახლეობის სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - ამბობს ავალიანი.
(პრაიმტაიმი)