(რეზონანსი) ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია გამართეს.
ისინი გოგონას გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ექიმებმა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დროულად ვერ დასვეს. აქციის მონაწილეები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
„ექიმებს უნდა შეუჩერდეთ ლიცენზია და წავიდნენ სახლში, მათ ფაქტობრივად მოგვიკლეს ახალგაზრდა გოგო. გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა იყოს უკანასკნელი", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ზაურ დარჩიძემ.
გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ. პროტესტის ნიშნად ახლობლები აპირებენ, მიცვალებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენონ.
მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მელანო ფუტკარაძე სამი დღის წინ კლინიკა ,,მედცენტრში" მუცლის ღრუს მწვავე ტკივილებით მიიყვანეს, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა იქამდე ერთი დღით ადრე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც ექიმებმა სახლში მალევე გაწერეს.
