(რეზონანსი) პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უმადურება და ყველაფრის კადრებაა, „პატრიოტთა ალიანსს" ნაცმოძაობასთან „თვალის პაჭუნი" დააბრალო.
როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, უპატივცემულობა, დაუფასებლობა და განურჩევლობა სუფევს საქართველოს პარლამენტში.
„პატრიოტთა ალიანსს" იმას რომ ეტყვი, - ნაცმოძრაობასთან მეგობრებო, მარტო უმადური და ცილისმწამებელი კი არ ხარ, უბრალოდ, სახიფათო ხარ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. სახიფათო ხარ იმიტომ, რომ შენ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი (მაღალი რანგის) ყველას ყველაფერს აკადრებ, გაუბედავ, დააბრალებ, ცილს დასწამებ და, რაც მთავარია, არ შეგრცხვება. დაგჭირდა და დააბრალე. ივანიშვილს ვეუბნები, რომ მალე მოვა დრო, როცა სწორედ ეს ხალხი იგივე „კომპლიმენტით" შეგამკობთ, მოემზადეთ.
უმადურება და ყველაფრის კადრებაა, რომ „პატრიოტთა ალიანსს" ნაცმოძაობასთან „თვალის პაჭუნი" დააბრალო. იმ ნაცმოძრაობასთან, რომლის დამნაშავე რეჟიმადაც გამოცხადებას მხარი არ დაუჭირე. მეტიც, რომელიც გადაარჩინე. რომელსაც შეერწყი და რომელიც უკვე თვითონ გახდი.
ნაცმოძრაობასთან დამეგობრების დაბრალება როგორ უნდა, ამას კობახიძე-მდინარაძეს სიამოვნებით ვაჩვენებ. რა სამართლიანობა აღდგება, როცა ყველაზე დიდი უსამართლობა დღეს პარლამენტში ხდება - ყვავები ბულბულობენ!
მაგრამ ამ პოლიტიკურ ყვავებს ვეუბნები: პარლამენტი არაა თქვენი შპს, პარლამენტი არაა თქვენი კერძო საკუთრება, ეს თავხედობა და ცინიზმი 2020 წლამდე ბევრად ადრე დასრულდება", - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ადა მარშანია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - რომან გოცირიძესა და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა".