მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. მელანო ფუტკარაძე გუშინ ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია „რეფერალურ ჰოსპიტალთან“ აქვთ, სადაც პაციენტი თავდაპირველად მივიდა.
„მას არასწორი დიაგნოზი „რეფერალურში“ დაუსვეს, ვერ მიხვდნენ რა იყო და სახლში გამოუშვეს, საგანგაშო არაფერია, გაუარა ტკივილმაო,“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძია, ნოდარ ქათამაძე. მისივე თქმით, მელანო სახლში დაბრუნებულა და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ისევ ცუდად გახდა, „მედცენტრს“ მიმართა.
მელანო ფუტკარაძეს ოპერაცია მწვავე აპენდიციტზე 18 მარტს ბათუმის „მედცენტრში“ ჩაუტარდა. „ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადიოდა მკურნალობას, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე, პროგრესირებადი უკმარისობის გამო სეპტიური შოკის ფონზე გარდაიცვალა,“ – განუცხადეს "ბათუმელებს" „მედცენტრის“ პრესცენტრში.