აზარტული თამაშებით დაზარალებულმა მოქალაქემ, ლელა ზარდიაშვილმა პირველი არხის ეთერით მეუღლის თამაშდამოკიდებულების გამო ჩვენი ერთადერთი საცხოვრებელი დავკარგეთ, სადაც ოჯახის ცხრა წევრი ვცხოვრობთ.
"მათ შორის არის 83 წლის მოხუცი, რომელიც ამჟამად მწოლიარეა და მცირეწლოვანი შვილიშვილები, რომლებსაც მე ვზრდი, რადგან მათი დედა მუშაობს. ისინი ჩემთან ცხოვრობენ, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მათი კოშმარი წლების წინ დაიწყო, როდესაც ოჯახში ფინანსური შემოსავლები შემცირდა.
"გაიყიდა ჩვენი ოჯახური ბიზნესი, რითაც ვარსებობდით და შემდეგში შევიტყვე, რომ არსებობდა სათამაშო ბიზნესი, სადაც ჩვენი შემოსავლები მიდიოდა. ოჯახში ამის გამო კონფლიქტი შეიქმნა და ძალიან დიდი სტრესი მივიღე, რადგან ფაქტიურად, შემოსავლის გარეშე დავრჩით. სათამაშო ბიზნესის გამო მეუღლეს დიდი ვალები დაედო და ჩვენი საოჯახო ბიზნესი სწორედ ამ ვალების გასტუმრებას შეეწირა“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
აზარტული თამაშებით დაზარალებულმა მოქალაქემ ასევე განაცხადა, რომ მისი მეუღლე თამაშდამოკიდებული 40 წლის ასაკში გახდა, რასაც მისგან აბსოლუტურად არ მოელოდა, რადგან ის ძალიან კარგი მამა, მეუღლე და მშრომელი ადამიანი იყო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა პრობლემას მისი მეუღლე, თვლის თუ არა ის, რომ დახმარება სჭირდება და მიმართა თუ არა სპეციალისტებს, ლელა ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ეცადა, მას ფსიქოლოგის რამდენიმე სეანსი გაევლო, მაგრამ მეუღლე ამის წინააღმდეგ წავიდა.