ეკატერინე ბასილაია
22.03.2019

 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და სოციოლოგიური კვლევებით პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ისევ შოუმენი ვლადიმირ ზელენსკია და ყველაზე დიდი ყურადღებაც მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ექცევა. რამდენიმე დღის წინ კი ზელენსკიმ ისაუბარა იმაზე, რომ შესაძლოა უკრაინაში „კიდევ ერთი მაიდანი" მოხდეს.

ზელენსკიმ ის ვარიანტი დაასახელა, რა შემთხვევაში შეიძლება უკრაინაში „მესამე მაიდანი" ვიხილოთ. როგორც ის ამბობს, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, ისინი პოლტიკაზე გავლენას არ უნდა ახდენდნენ, თუმც მათთან „მკაცრი ომი" გამოიწვევს ძალან მძიმე შედეგებს - შესაძლოა მიიღონ „კიდევ ერთი მაიდანი".

ამის შესახებ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ უცხოელ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მას უკრაინის ცხოვრებაში ოლიგარქების როლის შესახებ ჰკითხეს და სადაც ზელენსკიმ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

კანდიდატმა მიუღებელი სიტუაცია უწოდა ვითარებას, როცა მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე. მისი თქმით, ოლიგარქებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე, იყიდონ პარტიები და ეს დანაშაულია.

ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ მომენტში ბიზნესის ხელშია კონცენტრირებული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი და თუ ოლიგარქების წინააღმდეგ "მკაცრ ომს" დაიწყებ, ამას მწვავე შედეგები მოჰყვება - უკრაინელები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ და „კიდევ ერთი მაიდანი იქნება".

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს უკრაინელი ოლიგარქების მიერ მოპარული ყველა ფული, რაც მათ საზღვარგარეთ აქვთ დამალული.

„რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ, რომ ყველაფერი პატიოსნად იყოს. ფულით, თუ დადასტურდება, რომ ისინი მოპარულია, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში აუცილებლად დაბრუნდეს,"- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელენსკის ეს განცხადებები და ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი პოპულისტურად და ირონიულადაც ჟღერს, იმიტომ რომ, ზელენსკი დნეპროპეტროვსკის კლანის, ოლიგარქი იგორ კოლომოისკის მიერ დასახელებულ კანდიდატია და ოლიგარქის მარიონეტადაც კი მიჩნევა.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება. ამ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატების რეკორდული რაოდენობა მონაწილეობს - უკრაინის პრეზიდენტობა 39 ადამიანს სურს.

ამ 39-კაციან სიაში კი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ფავორიტია, რომლის რეიტინგიც 30% -ია და მას მეორე ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოსდევს, მას სულ მცირედით ჩამორჩება ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო.

კვლევებს თანახმად მეორე ტურში სწორედ ზელენსკი და პოროშენკო გავლენ და დიდია შანსი, რომ საბოლოდ ზელენსკიმ გაიმარჯვოს.

უკრაინულ მედიაში ორივე მთავარი კანდიდატის განხილვა აქტიურად მიმდინარებს. ანალიტიკოსების თქმით, პეტრო პოროშენკო თავის საარჩევნო კამპანიას აშენებს ორ დევიზე: „არმია! ენა, რწმენა" და "მოსკოვიდან შორს" და მას მეორე ტურში გასვლის 50%-იანი შანსი მართალია აქვს, თუმცა საბოლოოდ მისი გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება

ექსპერტების აზრით, პოროშენკო აქტივშია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭება. ასევე პოროშენკოს აქტივშია ანტირუსული განცხადებებიც. ის აქტიურად თამაშობს უკრაინელების პატრიოტულ განწყობებზე და რუსეთის წინააღმდეგ მისი ხისტი გამოსვლები, დონბასში პროვაკაციები და ქერჩის სრუტის ინციდენტი მას შანსებს აძლევს, თუმცა მას დიდი დარტყმა მიაყენა საარჩევნო პროცესში თავდაცვის სისტემაში იარაღის შემოტანასთან დაკავშირებულმა კორუფციულმა სკანდალმა.

რაც შეეხება ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც ოლიგარქი იგორ კოლომოისკის პროტეჟეა, ის კანდიდატებს შორის რბოლის ლიდერი ფავორიტი ძალიან მოკლე დროში გახდა და ამან უკრაინის პოლიტიკოსებს შორის ერთგვარი აჟიოტაჟიც გამოწვია.

უკრაინელი პოლიტიკური ექსპერტების ვარაუდით, ბევრი ადამიანი მართლაც გეგმავს, რომ ხმა მისცეს შოუმენს, რადგან ის ასოცირდება ადამიანთან, რომელიც სისტემის წინააღმდეგ წავიდა. ზელენსკი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რომელთა უმრავლესობაც მისთვის ხმის მიცემას გეგმავს. თუმცა, შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ახალგაზრდებმა უკანასკნელ მომენტში საერთოდ გადაიფიქრონ არჩევნებზე წასვლა.

ექსპერტების პროგნოზით, ზელენსკის შანსები მაღალია, მაგრამ არსებობს რეალური პრობლემა - არარსებობა გუნდის, რომელიც საარჩევნო კამპანიაში კარგად ერკვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×