(რეზონანსი) 15 აპრილს ლიკა ყაზბეგი გარდაცვლილ მეგობარს, მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს ჩვენებას უძღვნის. დეფილეს ლიკა თავისი ყოველწლიური პროექტის ფარგლებში აკეთებს. ჩვენება მოძრაობის თეატრში გაიმართება. როგორც ლიკა ამბობს, რაიმე კონკრეტული კოლექციის დეფილე არ იქნება.
„მე ჩემ პროექტებში აქცენტი პიროვნებებზე მაქვს გაკეთებული. შესაძლოა ქართველი დიზაინერების ლაბორატორიის კოსტიუმები გამოვიტანო. ზუსტად ჯერ არ ვიცი. ეს არის მორიგი პროექტი, უბრალოდ, ამჯერად ზუზუს ვუძღვნი. გამორიცხული არ არის, ეს პროექტი ყოველწლიურიც გავხადო, ზუზუ იმდენად კაშკაშა ადამიანი იყო... სადაც არ უნდა ყოფილიყო, როცა იწვევდნენ, აუდიტორია იმდენად უყვარდა, ყველგან მიდიოდა. ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონდა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" ლიკა ყაზბეგი.
„ღრმა დეპრესიაში იყო ბოლოს. გული აწუხებდა. მიტოვებულივით იყო. ზუზუმ საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის პრიზი აიღო ილგარ საფატის ფილმში, რომლითაც ძალიან ამაყობდა და სწორედ ამ რეჟისორს უნდოდა კვლავ ზუზუს გადაღება. როგორც ხდება ხოლმე, თანამემამულეებზე მეტად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო აფასებენ ადამიანის ნიჭს. კინოს გრიმიორისგან, მზიკა კენჭიაშვილისგან შევიტყვეთ, რომ ამ აზერბაიჯანელმა რეჟისორმა როლზე დაამტკიცა და მალე გადაღებები ეწყებოდა. წარმოგიდგენიათ? ეს რომ ორი დღით ადრე გაეგო, იქნებ ტრაგედიაც არ მომხდარიყო", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, 2018 წლის 17 აგვისტოს, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ლიფტში მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს.