
8 წლის ბარბარე პაპუნაშვილის ოჯახმა გოგონას მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა "ლიბერთი ბანკიდან" დღის ბოლოს გამოიტანა.
" რამდენიმე წუთის წინ დაგვიკავშირდნენ ბანკიდან და გვითხრეს, რომ ფულის გატანა შეგვიძლია. რადგან, ბარბარეს მკურნალობისთვის ჩარიცხულ თანხას ინკასო სწორედ ახლა მოეხსნა. შესაბამისად თანხა ბანკომატიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიტანეთ"-განუცხადა "პრაიმტაიმს" ბარბარე პაპუნაშვილის დედამ სოფია წიწაკიშვილმა.
მისივე განმარტებით, თანხა გოგონას ტომოგრაფიული კვლევისთვის სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ. თუმცა დღის განმავლობაში არაერთხელ მისულებს ბანკმა ფულის გატანაზე უარი უთხრა.
ბარბარეს ოჯახისთვის საქველმოქმედო თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება თავად "ლიბერთი ბანკმაც" გააკეთა. თუმცა, განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ თანხას ინკასო დილითვე მოეხსნა და ოჯახსაც ამის შესახებ დღეს დილით აცნობეს.
"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ განაცხადი შემოვიდა გუშინ, 19 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს და რეაგირება განხორციელდა დღეს 20 მარტს, სამუშაო დღის დაწყებისთანავე. ავტომატურად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების შესახებ მყისიერად ეცნობა მომხმარებელს"- წერია "ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.
(პრაიმტაიმი)