რეზონანსი
20.03.2019

 (რეზონანსი) თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ კანონი ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამო იქნებოდა, თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ერთ დონეზე არ დააყენებდა მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს. წულუკიანის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ფიქტიური მიზეზით, ოკუპირებულნ ქვეყანაში სირცხვილია.

„საუბარია, ხომ არ არის დისკრიმინაციული, ანუ შეუსაბამო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე სხვები წარმოადგენენ, სახელებს არ ვიტყვი, წარმოადგენენ აქ, ის კონფესიებია, რომლებიც არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას, ჩვენსას და კონფესიებს, აღმსარებლებს, არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და თქვენც იცით, რეალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის" მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარშიო. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და რაკი მე მეკითხებით, მე გპასუხობთ."- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში გირჩის ლიდერთან, ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა, იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ზოგადად სხვადასხვა პრობლემაა.

„ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ ისარგებლა კანონით და პოლიტიკური დემარშისთვის თქვენ იცით ალბათ, რომ მან დაირქვა გირჩი და დღეს მას ჰქვია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ეს მისი სურვილი იყო და მე არ მქონდა უფლება, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემას, რომ ამაზე მეთქვა, ნუ აკეთებ ამას, ეს არ შეიძლება... ეს რამდენად მოსწონთ მის შთამომავლებს, მე არ ვიცი, მაგრამ კანონი უშვებს ასეთ აბსურდებსაც და დღეს ადამიანს ჰქვია, რაც ჰქვია."- განაცხადა თეა წულუკიანმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×