(რეზონანსი) „ნინო გვენეტაძეს ფიზიკურადაც შეშინდა, რომ საბჭოს შემადგენლობა მას საბჭოს სხდომაზე აიღებდა და სცემდა," - განაცხადა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა.
განცხადება წიქარიშვილმა იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვენეტაძის თანაშემწედ მუშაობდა და კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
"ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის ან როგორ რეაგირებდა? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება-რა დონის სტრესში ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღეს-დაეთანხმა, მესამე დღეს და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად," - განაცხადა წიქარიშვილმა.
სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ღიად ისაუბროს იმ ზეწოლაზე, რომელიც სასამართლოში არსებული კლანიდან მოდიოდა მისი მიმართულებით.