(რეზონანსი) უკანასკნელი მონაცემებით, ნიდერლანდის ქალაქ უტრეხტში სროლაში ეჭვმიტანილი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ, არის თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისი.
ქალაქში მიღებულია უსაფრთხოების ზომები, იცავენ სკოლებსა და მეჩეთს. დროებით შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ხარისხი მაქსიმუმამდე გაზარდეს.
პოლიციის თანახმად, ეჭვმიტანილმა რამდენიმე ადგილზე გახსნა ცეცხლი. ეს საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულმა კოორდინატორმა პიტერ-იაპ ალბერსბერგმა.
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიზე მომხდარი თავდასხმისას, ბოლო ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს. ამის შესახებ BBC წერს.
ბოროტმოქმედმა გაქცევა შეძლო. პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.
