(რეზონანსი) გასულ ხუთშაბათს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუს - "პროფილი" სტუმარი აფხაზეთიდან დევნილი ლალა ცინდელიანი გახლდათ. მან გადაცემაში უკიდურეს გაჭირვებაზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უამბო, რომ მრავალშვილიან დედას გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, საიდანაც მისი თქმით, "გამოსავალი არ არსებობს".
აღნიშნული ინტერვიუ სოციალური ქსელში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ინტერნეტმომხმარებელებმა დაწერეს, რომ ლალა ცინდელიანს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ორი ბინა აჩუქა და გადაცემაში იცრუა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემული ორივე ბინა ვაზიანის დასახლებაში მდებარეობს. ლალა ცინდელიანმა სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა.
დამადასტურებელი დოკუმენტი:ამასთან, ცინდელიანმა "POSTV"- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბინების ჩუქების შესახებ გადაცემაში "პროფილი" ისაუბრა, თუმცა, "რუსთავი 2"-მა ამოუჭრა."მართლაც ძალიან შემტკივა გული ამ შემთხვევაზე. ის, რაც გააკეთა სახელმწიფომ ცხადია, საკმარისი არ არის, მაგრამ ამ ქალბატონს სახელმწიფომ გადასცა ორი ბინა - სამოთახიანი და ერთოთახიანი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს რაღაც კომუნიკაციის მოგვარებას, რომ გადავიდეს. როცა ასეთი მტკივნეული თემის გაშუქება ხდება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისიწნებული იმ უწყების პოზიცია, რომელსაც ეხება ეს თემა", - ასე გამოეხმაურა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო გადაცემა "პროფილში" გასულ ისტორიას, რომელმაც ბოლო დღეებში სოციალური ქსელი მოიცვა.
მრავალშვილიანი დედის, ლალა ცინდელიანის მონათხრობმა გულგრილი არავინ დატოვა. დევნილი ქალი ყვებოდა, რომ შვიდი შვილით პოლიციის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, თუმცა სატელევიზიო არქივში ასევე ინახება გასულ წელს გადაღებული კადრები, რითიც ირკვევა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ დევნილთა სამინისტრომ მოქალაქე ლალა ცინდელიანს ერთდროულად ორი სახლის გასაღები გადასცა. სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები მას ვაზიანის დასახლებაში მისცეს, რის გამოც ლალა ცინდელიანმა შესაბამის უწყებას მადლობა ასევე ემოციურად გადაუხადა.

