(რეზონანსი) ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი "გააპრავეს", იქცნენ "კაი ბიჭებად" თქვენს ხელში. უნდა აგონ პასუხი! - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.
„ამ კანონის მიზანია, ან გვყავდეს ღირსეული მოსამართლეები ან დავამთავროთ ის, რაც იუსტიციის საბჭოში ხდება. ერთხელ და სამუდამოდ თვალი გავუსწოროთ რეალობას, რომელშიც ვართ. ანრი (ოხანაშვილი) კითხულობდა, - ენდობი პარლამენტს თუ არა ენდობიო. - მე არ ვენდობი ჩემ კოლეგებს, რომლებიც იღებენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არ აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს, შენ გარიცხული იქნები პარტიიდან, თუ შენ ამა და ამ პოზიციას არ დააფიქსირებო. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გზას გაუხნის ჩინჩალაძეს და მის სიას და მეტი ამაში არაფერი იქნება. ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ. იმედს წაართმევს საზოგადოებას იმისას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. ნუ ვიქნებით კანონის მშრალი წაკითხვის ოსტატები და თვალი გავუსწოროთ რაც ხდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე მსჯელობენ.