(რეზონანსი) ოზურგეთის სოფელ გურიანთის სკოლის ქურდობაში მხილებული 3 არასრუწლოვანი ამავე სკოლის მოსწავლეებია არიან, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს" სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია ზოიძემ განუცხადა.
„ყველა შოკირებულები ვართ მომხდარის გამო. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს თუ დაუმტკიცდათ ბავშვებს, ნამდვილად ცუდია. მე როგორც ვიცი, პოლიცია, როდესაც მოვიდა სკოლაში, რათა დაედგინათ, რაც მოხდა, ერთ-ერთი მხილებული სკოლაში იმყოფებოდა გაკვეთილზე. წინა დღეს სკოლა გაქურდა და მეორე დღეს ვითომც არაფერი, სკოლაში იყო," - ამბობს სოფლის დეპუტატი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის ქურდობაზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ სკოლაში, ღამის საათებში, ფარულად შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შენობაში განთავსებულ ორ ნოუთბუქს, პერსონალურ კომპიუტერს, ქსეროქსის აპარატს, მუსიკალურ ცენტრს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულში მხილებულებს 3-დამ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"პრაიმტაიმი"