რეზონანსი
18.03.2019

 ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი, ირაკლი კვარაცხელია, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ნაბაკევი-თაგილონის მონაკვეთზე, მდინარე ენგურის ტერიტორიაზე დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. არიან თვითმხილველებიც, რომლებიც ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრნენ.

"ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებს შეეკამათა. ამის შემდეგ მანქანით წაიყვანეს. ნაბაკევის რუსულ ბაზაში გარდაიცვალა, რადგან საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთანები წაიყვანეს. იქ ხალხს ხშირად სცემენ. შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო", - ამბობს თვითმხილველი.

"ირაკლის წარბზე ნახეთქი ჭრილობა აქვს, თვალები და ყურის არე ჩალურჯებული, კუჭის თავი გაშავებულია, ეტყობა, დიდხანს ურტყეს, ღვიძლისა და საშარდე ბუშტის არეები - სულ დალურჯებული. ბეჭი დანით ჩაჭრილივით აქვს, კისერზე ჭრილობა, ხერხემლის არე, ფეხები დალილავებული... ნაწამებია ჩემი ძმა, ის თავს არ მოიკლავდა, პირიქით, სულ ამბობდა, ეს ხომ ღვთის უარყოფაა და ვლოცულობ, რომ დედაჩემი მიიღონ სასუფეველშიო.

იმ დღესაც სამუშაოდ გადადიოდა და დაუკავებიათ. კონფლიქტი მოსვლია. როგორც მითხრეს, სილა გააწნა თურმე ჯარისკაცს. ჩანს, ეს არ აპატიეს და წამებით მოკლეს. "სასწრაფო" რომ მისულა ბაზაში, უკვე მკვდარი ყოფილა. თვითმხილველები არიან, მაგრამ ვინ ამოიღებს ხმას, ყველას აფრთხილებენ, ხმა არ ამოიღოთო.

ირაკლის 9 წლის გოგო დარჩა. ჩვენ, ყველანი, დევნილები ვართ, არავის არაფერი გაგვაჩნია. ამდენი წელია მდგმურად ვარ, სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღია. ვთხოვ სახელმწიფოს, ბავშვს მაინც მისცეს ჭერი", - ამბობს ირაკლის ნახევარძმა პაატა უზარაშვილი "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×