უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი კვლავ ლიდერობს წინასაარჩევნო გამოკითხვებში, თუმცა განსხვავება ზელენსკისა და მეორე ადგილზე მყოფი მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს რეიტინგებს შორის უკვე არც ისე დიდია.
ბოლო გამოკითხვა, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა, 23 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში ჩატარდა საერთაშორისო კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ისა და უკრაინული InfoSapiens-ის მიერ.
ამ გამოკითხვების თანახმად, 24% ხმას ვლადიმირ ზელენსკის მისცემდა, პოროშენკოს კი - გამოკითხულთა 20%. მესამე ადგილზე ისევ ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოა 13%-ით. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევაშიც, რომელიც თებერვალში ჩატარდა, ისევ ეს სამეული ლიდერობდა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით - 28%, 18% და 15%.
ყველა კვლევიდან გამომდინარე, მეორე ტურის გამართვა გარდაუვალი იქნება. თებერვლის კვლევის შემდეგ უკრაინელმა ანალიტიკოსებმა მეორე ტურის სავარაუდო შედეგებიც გამოთვალეს. მათი ანგარიშით, თუკი მეორე ტურში ზელისნკი-პოროშენკოს წყვილი გავა, არჩევნებს საბოლოოდ ზელენსკი მოიგებს დაახლოებით 52%-ით, ხოლო თუკი მეორე ტურში ზელენსკის მეტოქე ტიმოშენკო იქნება, გამარჯვებული მაინც ზელენსკი გამოვა ამჯერად 55%-ით.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ზელენსკის რეიტინგს კლების ტენდენცია აქვს და უშუალოდ არჩევნების დღისათვის მას შესაძლოა პოროშენკო დაეწიოს. მაგალითად, ბოლო თვენახევარში პოროშენკოსა და ზელენსკის რეიტინგებში სხვაობა 13%-ით შემცირდა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტსაა დანიშნული.
ნინი იკაევა