რეზონანსი
16.03.2019

 (რეზონანსი) ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.

რაც შეეხება მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს, მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„დაზიანებულია თირკმელი, ღვიძლი, სერიოზული ტრავმულ-ჰომორაგიული შოკია. ახლახანს დასრულდა ოპერაცია და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა ხუჭუამ და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ და სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×