საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტსა და მის ქალიშვილს შეხვდა. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს – ივანკა ტრამპს ეკუთვნის. სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის ნინო ზამბახიძეც იყო.
მან დღს "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ივანკა ტრამპისგან მიიღო. აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი აღნიშნავს, რომ ზამბახიძის ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფერმერის გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც გახდება შთაგონების წყარო.
"აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ლამაზი ქართული კაშნესთვის. ყოველ ჯერზე გამახსენდებით, როდესაც მას გავიკეთებ", – წერს ივანკა ტრამპი.
ნინო ზამბახიძე კი აღნიშნავს, რომ საჩუქარი ქართული ყაბალახი იყო.