რეზონანსი
15.03.2019

 (რეზონანსი) წყალტუბოში მცხოვრები ნინო ჩირგაძე პოლიციის თანამშრომლებს მისი არასრულწლოვანი შვილის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ნინო ჩირაძის განცხადებით, შვიდამდე პოლიციელმა 17 წლის ნ.შ სასტიკად სცემა და ხელზე ანთებული სიგარეტი მიაწვა.

"ჩემი შვილი 10 მარტს, საღამოს დააკავეს. მაღაზიაში პურზე და სიგარეტზე გავუშვი და იქიდან რომ ბრუნდებოდა პოლიციის თანამშრომელმა, ვინმე ნიკამ (გვარი არ ვიცი) მანქანა მიუყენა ფეხებში. უთხრა - ჩაჯექი მანქანაში, რატომ შეიგინეო. ბავშვმა უთხრა, რომ მას არ შეუგინებია. ამასობაში მოვიდა მეორე პიროვნებაც, ძალით ექაჩებოდნენ მანქანისკენ. ხელები გადაუგრიხეს და მაინც რომ ვერაფერი მოუხერხეს ამ ნიკამ სიგარეტი დამაწვა ხელზეო.

წაიყვანეს სამხატვრო სკოლასთან, გადასახვევთან. გამოიძახეს ორი პიკაპი. გადმოვიდნენ და ყველამ ერთად დასცხო ჩემს შვილს. ჩემი შვილის მეგობრები დაეწივნენ ტაქსით და თვითონ შეესწრნენ, როგორ სცემდნენ უმოწყალოდ. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მთლიანად გასისხლიანებული იყო. კამერებს, რომ არ დაეფიქსირებინათ და მტკიცებულება რომ დაემალათ, ორჯერ ძალით დააბანინეს სისხლიანი პირი. არ მისცეს ჩემთან დარეკვის უფლება. ეუბნებოდნენ - ხომ გაგთხარეთ ლომი ტ...-შიო. ახლა ადვოკატმა მოინახულა, ისევ ეტყობა დაზიანებები სახეზე, სისხლიანი ტანსაცმელი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი", - ამბობს "პრაიმტაიმთან" საუბრისას ნინო ჩირგაძე, რომელიც მისი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.

"აღნიშნული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას", - უთხრეს "პრაიმტაიმს" შსს-ში.

არსებული ვერსიით, ქუჩაში მიმავალ პოლიციის თანამშრომელს არასრულწლოვანმა შეაგინა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა, თუმცა დაკავების მომენტში წინააღდეგობა გაუწია.

ცნობილია, რომ დაკავებული არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×