გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.
"რაც შეეხება შინაგან ორგანოებს ისინი ცხედრიდან ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებულია. არის თოკის ჩანართები, მეტი დაზიანებები ფაქტიურად არ არის და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები", - აცხადებს ექსპერტი ირაკლი თოიძე.
კვარაცხელიას ოჯახი და ახლობლები პირველივე დღიდან გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას.
"არ გვაქვს ინფორმაცია რატომ იყო გადასული ან დადიოდა თუ არა. გალში არავინ არ გადავიდოდა რომ ჩაედინა თვითმკვლელობა, ეს თავიდანვე გამორიცხულია, ყოვლად მიუღებელი არგუმენტია", - აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას ახლობელი.
არსებული ინფორმაციით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ჯარისკაცებმა დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს, რა დროსაც მას გულის შეტევა მოუვიდა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა.