თბილისის მერია დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი ფეთქებადი მასალის რეალიზაციის კონტროლს იწყებს. თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მხოლოდ დაშვებულ ზონაში იქნება ამ მასალების განთავსება და რეალიზება ნებადართული, რაც შესაბამისი წესით დარეგულირდება.
"ჩვენ ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. ბევრი ადგილია ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მაგალითი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს და ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.
ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. უნდა შეიქმნას გარკვეული ბუფერული ზონები ასეთ სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ადგილებს შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზომების მიუხედავად აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა", - განაცხადა თბილისის მერმა.