"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი ბაგრატიონებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება:
"მივმართავ არა მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" ასიათასობით ამომრჩეველს, ასევე სრულიად საქართველოს:
ნუ უწყობთ ხელს ამ აჟიოტაჟის გაღვივებას, ხოლო გლეხებისთვის განკუთვნილი სანახაობა მეფეთა სეირის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს!
რადგანაც ისეთი საკრალური ინსტიტუტი, როგორიც სამეფო კარია, ქილიკის საგნად აქციეთ, ყველა, ვინც ჩაებმება ამ ფერხულში, მოიკვეთება ამ კარიდან.
ასევე სირცხვილია, რომ მეფის ბედს გლეხი მოსამართლეები წყვეტდნენ.
დაუშვებელია დავის ამ რეჟიმში გადაჭრა, მაშინ, როცა სახელოვანი წინაპარი მეფეები, რომლის ღირსეული მემკვიდრეც უნდა იჯდეს ტახტზე, პრობლემებს თავად-აზნაურთა ლაშქრებით წყვეტდნენ.
რამეთუ თქმულა: "მუნ წარითქვას იგი სიტყვა, იქმნას მახვილით საქმენი კაცისაგან", – აცხადებს თარხან-მოურავი.
ეს ინფორმაცია სააგენტო "მეტრონომმა" გაავრცელა, რომელიც იმ "ფეისბუქ-გვერდზე" იდო, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის დავით თარხან-მოურავის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი".
თუმცა, მალევე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ე.წ. "ფეიქ-გვერდი" და განცხადებაც ყალბია. შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.