რეზონანსი
11.03.2019

 ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ირგვლივ დაწყებულ სამართლებრივ დავაზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მის მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ტიტულულებისა და მედლების უკანონო გაყიდვას ედავება. ანა ბაგრატიონმა მამასთან - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან ერთად მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითიც ის დავით ბაგრატიონის მიერ სამეფო ოჯახის სახელის გამოყენების აკრძალვას მოითხოვს. 

ინფორმაცია, რომ დავით ბაგრატიონმა სამეფო მედლები და ტიტულები კონკრეტულ პირებს ფულის სანაცვლოდ გადასცა, ცნობვილია ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურისთვისაც, რომელიც ხვალ სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიკითხება. 

"დიახ, გაუცია რაღაც მედლები და კიდევ უნდა გაყიდვა. ბიზნესის გაკეთება სურს. მას არც ფულით და არც უფულოდ ვინესთვის რაიმეს მინიჭების უფლება არ აქვს, ვინაიდან ბაგრანტიონთა სამეფო ოჯახის ერთდერთი კანონიერი შთამომავალი გახლავთ ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახი. მუხრანელებსაც აქვთ თავისი დამსახურება და შეცდომებიც, მაგრამ ისინი არ არიან ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის შთამომავლები", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" საუბრისას ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური.  

ანა ბაგრატიონ გრუზინსკი და მამამისი, ნუგზარ ბაგრატიონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად ერთ ლარს და სამეფო ოჯახის სახელის გამოყენების აკრძალვას მოითხოვენ. 

მამა-შვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლევან გორელაშვილი იცავს. მისი თქმით, დავით ბაგრატიონი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრაზე ბაგრატიონთა სამეფოს სახელს იყენებს და საქართველოს ისტორიაში არარსებულ მეფეებს საკუთარ წინაპრებად ასაღებს.

"დავის საგანს წარმოადგენს დავით ბაგრატიონის მიერ სამეფო სახლის სახელის უკანონოდ გამოყენების აღკვეთა. მას არ აქვს უფლება ისაუბროს საქართველოს სამეფო სახლის სახელით, განახორციელოს შეხვედრები და შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება. მას თავის ვებ-გვერდზე განთავსებული აქვს ინფორმაცია, რომ თითქოს წარმოადგენს საქართველოს ისეთი მეფეების შთამომავალს, როგორიც არის მაგალითად ალექსანდრე VI, სინამდვილეში კი ასეთ მეფეს საქართველოს ისტორიაში არავინ იცნობს. ალექსანდრე VI-ს ფოტოდ განთავსებული ჰქონდა აკაკი წერეთლის ფოტო", - აცხადებს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×