რეზონანსი
07.03.2019

 ჰოლანდიაში 14 წლის ბიჭი, გიორგი ვენკო ცხოვრობს. დედა ქართველი ჰყავს - თიკა სვანიძე, მამა ამერიკელია - რობერტ ვენკო. გიორგი საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამბობს, რომ დედის სამშობლო ძალიან უყვარს და ძალიან უნდა ამ ქვეყანას დაეხმაროს. ქველმოქმედი "2020NEWS"-ს უყვება, როგორ დაიწყო გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება და ამბობს, რომ ეს საქმე მისი ცხოვრების მთავარი გამოწვევაა.

12 წლის რომ ვიყავი, საქართველოს დახმარების სურვილი გამიჩნდა. იგივე სურვილი ჩემს ძმასაც გაუჩნდა. მე ვეხმარები ბროწლიანის სათნოების სახლს, სადაც 24 ბენეფიციარი ჰყავთ. ჩემი ძმა  ლევანი  წნორის მოხუცთა სახლს ეხმარება.

კახეთში, ჩვენს სახლთან ახლოს, სათნოების სახლის არსებობაზე რომ გავიგე, დავინტერესდი, რა სჭირდებოდათ. აღმოჩნდა, რომ სამი რამ სასწრაფოდ იყო მოსაგვარებელი. არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა, არ ჰქონდათ წყალი და შესაკეთებელი იყო შენობის სახურავი - წყალი ჩადიოდა. ჰოლანდიაში როგორც კი ჩავედი, სკოლას გავაცანი ჩემი გეგმები, რომ სათნოების სახლის დახმარება მინდოდა. ჩავატარე პრეზენტაციები და ყველას გაუჩნდა სურვილი, რომ ამ პროექტში დამხმარებოდა. სარეცხის მანქანა ძალიან მალე ვიყიდეთ. მერე კიდევ ჩავატარეთ გარკვეული ღონისძიებები სკოლაში, მოგვიანებით საქველმოქმედო კონცერტი გავმართეთ.  დედიკო დამეხმარა და ნინო ჩხეიძე და დათუნა მგელაძე ჩამოვიდნენ საქართველოდან ჰოლანდიაში. კონცერტი გამართეს. შემოსული თანხით წყალი გავიყვანეთ, ახლა გვინდა რომ სახურავი გამოვცვალოთ. წყლისთვის 10 000 ევრო მოვაგროვე. ჭაბურღილი გაკეთდა და წყალი უპრობლემოდ აქვთ. მანამდე წყალს ყიდულობდნენ. სახურავის გამოცვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, 20 000 ევრომდეა საჭირო, მაგრამ ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ღარიბია, ხალხს დაბალი ხელფასი აქვს და შესაბამისად, არ აქვთ იმის საშუალება, რომ ქველმოქმედებაში დიდი თანხა ჩადონ. ისინი როგორც წესი, ამჯობინებენ, რომ ნათესავებს და ახლობლებს დაეხმარონ. მართალია, ჩვენ გვყავს მდიდარი ადამიანებიც, მაგრამ ისინი ხომ ყველას დახმარებას ვერ შეძლებენ.

ამ პროექტს რომ დავამთავრებ, მინდა, სხვა სათნოების სახლებსაც დავეხმარო. როგორც გავიგე, მხოლოდ კახეთში შვიდი სათნოების სახლი ყოფილა. მინდა, თანხა მოვაგროვო და სხვა გაჭირვებულ ხალხს დავეხმარო", -ამბობს გიორგი ვენკო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×