(რეზონანსი) "ჯაკო ბოლოს უნგრეთში გაფრენის წინა საღამოს ვნახე, პარასკევს. სამსახურში გამომიარა და სავახშმოდ წავედით ვარაზის ხევში ახლად გახსნილ რესტორანში. მელაპარაკებოდა თავის გეგმებზე, პირად ისტორიებზე, ტელევიზაზე, იმაზე, რომ ვარჯიში უნდა დაეწყო. კიდევ ათას საინტერესო ამბავზე. ძირითადად ის ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი" - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ "პრაიმთან" განაცხადა.
"იმ რესტორანში მითხრა, რომ გამთენიისას უნგრეთში მიფრინავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მახსოვს, როცა ეს მითხრა, ძალიან არ მესიამოვნა. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ. მეგონა, გავბრაზდი, რადგან ორშაბათს ტელევიზიაში ახალ სეზონს ვხსნიდით და გამიკვირდა, რომ სწორედ ახალი სეზონის პირველ დღეებში მიფრინავდა დასასვენებლად. მერე მივხვდი, კი არ გავბრაზდი, ალბათ, წინათგრძნობა მქონდა. ძალიან არ მესიამოვნა. სულ ბოლო მესიჯი შაბათს მომწერა, უკვე ბუდაპეშტიდან და მერე ტელეფონიც გამორთო. ორშაბათს დილით, როცა რეიტინგები ვნახე, მივწერე, რა მაგარი რეიტინგი დაგიდია-მეთქი. ჩემი ეს სატელეფონო შეტყობინება მას აღარ მიუღია. ამ დროს თურმე უკვე გარდაცვლილი იყო..." - აღნიშნა გრიგოლიამ.
ლევანის მშობლებმა, შვილის გარდაცვალების შემდეგ, პირველი ინტერვიუ სწორედ ინგას მისცეს.
"პრაიმტაიმი"