(რეზონანსი) რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, მთავრობისა თუ სახელმწიფო პირების, თავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „უპატივცემულობის" შემთხვევაში, პირი 100 000 რუბლით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 15 დღიანი პატიმრობის შეფარდებაა შესაძლებელი.
მთავრობის მისამართით უპატივცემულობაში ჩაითვლება ინტერნეტ სივრცეში გამოთქმული „აშკარად გამოხატული უპატივცემულობა საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების, კონსტიტუციისა თუ მაღალჩინოსნების მიმართ."
პირის გასამართლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი მთავრობასა თუ პრეზიდენტზე „ცუდად" იხუმრებს.
ალექსანდრ ვერხოვსკიმ, უფლებადამცველი ცენტრი „სოვას" ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მიმართ გამოხატული ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება შესაძლოა „უპატივცემულობად" ჩაითვალოს. ამ გზით შეიზღუდება ნებისმიერი სახის ხუმრობა თუ არასასურველი კომენტარი, რომლის ადრესატიც ხელისუფლებაა.
გამოცემა The Guardian რუსეთის ახალ კანონს საბჭოთა ეპოქისას უწოდებს.
"პრაიმტაიმი"