ქუთაისში, გუგუნავას 9 ნომერ კორპუსში მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. იმის გამო, რომ საცხოვრებელი კორპუსი გადახურვას საჭიროებს, კორპუსის მკვიდრებს თავზე აწვიმთ და სახლებში ქოლგებით უწევთ გადაადგილება. სახურავის არარსებობის გამო, კორპუსის ჭერი და კედლები იმდენად დაზიანებულია, რომ ბათქაში ძირს კორპუსის ყველა ნაწილში ცვივა.
მოსახლეობა ამბობს, რომ მერიამ ზომები მანამ უნდა მიიღოს, ვიდრე კორპუსის ავარიულობა მსხვერპლით დასრულდება. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ სოციალურ შემწეობაზე არიან დამოკიდებული და კორპუსის გადახურვას გადასახური მასალის არსებობის პირობებშიც ვერ შეძლებენ.
"აქ ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. თვიდან თვემდე ბავშვები რით გამოკვებოთ, იმას ვფიქრობთ და სახურავს როგორ გადავხურავთ. მერიამ ერთხელ კი მოგვცა ტოლი, მაგრამ გაფუჭდა. ღამე რომ ვიძინებთ, დილით გავიღვიძებთ თუ არა, არ ვიცით. მერიამ გადასახური მასალა კიდეც რომ მოგვცეს, ჩვენ ვერ გადავხურავთ, რადგან მაგის საშუალება არ გვაქვს. მიცვალებული თუ იქნება ჩვენზე უარეს მდგომარეობაში", - ამბობს კორპუსის მკვიდრი თეა შუკაკიძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ავარიული კორპუსის მკვიდრები გადასახურ მასალას მიმდინარე თვეში მიიღებენ. რაც შეეხება გადახურვის ხარჯებს,მერიაში აღნიშნავენ, რომ სახსრები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოიძიოს, რადგან პროგრამა მხოლოდ გადასახური მასალის გადაცემას ითვალისწინებს.
(პრაიმტაიმი)