(რეზონანსი) „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, „ქართული ოცნება" მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე სავარაუდოდ ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს.
„პრაიმტაიმთან" საუბრისას ლადო კახაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიაში შესაძლოა მის კანდიდატურას მართლაც განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური შემოთავაზება არ მიუღია.
„არ ყოფილა ჯერ ასეთი ამბავი. ვის რა აზრი აქვს არ ვიცი, მაგრამ... ჯერჯერობით ოფიციალური შემოთავაზება, როგორც ასეთი არ ყოფილა. თუ ვინმეს ამის ინტერესი აქვს, ვერ გეტყვით. შეიძლება პარტიაში ვინმე რამეს ფიქრობს, მაგრამ ამაზე საუბარი, ამ ეტაპზე, არ ყოფილა. თუ იქნება შემოთავაზება არ ვიცი. მე პოლიტკურ დაპირისპირებაში არ ვაპირებ ჩართვას, მაგრამ თუ რაღაც გაშალაშინებას შევძლებ, რაღაც ჩემს პოზიტიურ წვლილს შევიტან, ვნახოთ... არ ვიცი. თუ ჩემი საქმით, თქვენ, ახალგაზრდა თაობას რაიმეთი წავადგები, არ ჯობია?!" - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ლადო კახაძე.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის აქტიურად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომლის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოქლში განმეორებითი არჩევნების ჩატარება. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორატარი დეპუტატის მანდატს ფლობდა.