რეზონანსი
06.03.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი დარჩა ერთადერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი. თუ დააბრუნა ღარიბაშვილი, რომელთანაც სამი წელი მუშაობდა და მერე ვეღარ იმუშავა, რატომ არ უნდა დააბრუნოს სააკაშვილი?, - ასე აფასებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პოლიტიკურ ძალაში, ამავე ძალის მიერ პოლიტიკურად უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ეს იყო სასოწარკვეთილი ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი როგორმე ბოლომდე გადაარჩინოს. მას აწუხებს ის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალია გამრუდებული და არა ის, რომ ქვეყანა იმ დღეშია, რა დღეშიც მისი უუნარო მმართველობის გამო აღმოჩნდა. ამიტომ, ეს ბოლო ნაბიჯი არის, ნაბიჯი უკან იმ ვითარებიდან, რომლიდანაც ივანიშვილს მცდელობა ჰქონდა დაეღწია თავი. 2015 წლის ბოლოსთვის შექმნილი პრობლემების ერთობლიობამ იგი აიძულა გადაედგა ეს ნაბიჯი და პრემიერ-მინისტრი შეეცვალა. ამის შემდეგ მან მხოლოდ პრობლემების გაღრმავება შეძლო და ახლა ეს არის ყოვლად სასოწარკვეთილი, უსუსური მცდელობა, რომ იქნებ უკან დაბრუნებით წინ წავიდეთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, "პატრიოტთა ალიანსს" საფუძველი აქვს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით იზეიმოს, ვინაიდან მათი პოლიტიკური ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×