(რეზონანსი) ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა პარლამენტში, პირველი, ყოველწლიური მოხსენება უცხოეთში ვიზიტების მიმოხილვით დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველგან მკაფიოდ არის გამოხატული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით.
„ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ, ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.