(რეზონანსი) მინდა ვკითხო ქალბატონ ეკა ბესელიას, 2 წელი ვისხედით ერთ მაგიდასთან, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა სასამართლო რეფორმირების თვალსაზრისით, მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი და წინა რეჟიმის მოსამართლე? - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა გააკეთა.
ის გამოეხმაურა დეპუტატების: ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას საჩივარს, რომლითაც მათ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების - სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ შინაარსს არ შეიცავს.
„2 წელი ხან ბორჯომში, ხან აჭარასა და თბილისში სამუშაო ჯგუფში, ძალიან კარგი და ტკბილი სალმით ვხვდებოდით ერთმანეთს. მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი? მაშინ არ ვიყავი წინა რეჟიმის მოსამართლე? ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. მე არ ვიცი ეკა ბესელიას რა პრობლემა შეექმნა და არც მაინტერესებს, თუმცა გუნდში რაღაც პირადი პრობლემა შეექმნა, მოსამართლეების თემა კი ხელოვნურად იმიტომაც ააგორა.
ჰკითხეთ, რატომ იჯდა სერგო მეთოფიშვილთან და იგივე მურუსიძესთან და საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებთან? ერთხელ არ ამოუღია ხმა, რატომ სხედან ესენი აქ. მაშინ ძალიან ტკბილად და მშვიდად ვთანამშრომლობით, ჩვენს პოზიციას აქტიურად იზიარებდა. საინტერესოა, მერე რა მოხდა, ახლა გაიღვიძა? ბესელიას მე სხვანაირად ვიცობდი და ახლა სულ სხვანაირად დავინახე, ვინ არის. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა ნიღაბი ჩამოიხსნა და ნათელი გახდა, თუ ვინ არის", - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".