(რეზონანსი) გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის არსებითი განხილვა იწყება. საქმეზე ნაფიცმსაჯულები იმსჯელებენ.
პროკურორის განცხადებით, ეს მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ კობაურის ბრალეულობა დამტკიცდეს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. როგორც ცნობილია ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სმიტების ოჯახი გასული წლის 4 ივლისს ხადას ხეობაში გარდაცვლილები ნახეს, ხოლო 7 ივლისს სამართალდამცველებმა მალხაზ კობაური დააკავეს.
სასამართლოში სულ 100 ზე მეტი მოწმის დაკითხვა იგეგმება, თუმცა ეს და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო ერთი თვის ვადაში უნდა მოესწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა ბრალდებული მალხაზ კობაური წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
მას კანონით დადგენილი წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 7 აპრილს ეწურება. თუ ამ დრომდე კობაურის მიმართ განაჩენი არ გამოცხადდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ავტომატურად დატოვებს და საბოლოოდ ვერდიქტს ციხის გარეთ დაელოდება. ბრალდებული უკვე 8 თვეა დაკავებულია.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მოტივით, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს აქვს საშუალება სხდომის გადადება მოითხოვოს. შესაბამისად, დარჩენილი ერთ თვიანი ვადის გაჭიანურების მიზნით, არ არის გამორიცხული, ადვოკატებმა სწორედ ამ ტაქტიკას მიმართონ.
"რეალური შესაძლებლობაა, რომ პროკურატურამ თავისი მოწმეების დაკითხვა ამ ერთ თვეში ვერ მოასწროს, უამრავი მოწმეა დასაკითხი. გამოსაკვლევია მტკიცებულებები. ამ ყველაფრის ერთ თვეში ჩატევა წარმოუდგენელია. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ კანონის მიხედვით, ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.
"პრიამტაიმი"