(რეზონანსი) "ერთ პატარა ძალიან საყვარელ ბავშვს ჩავეხუტე და სცენიდან გადავვარდი. არ მეგონა ჩემს უკან სიცარიელე თუ იყო, ამიტომ, ფეხი უკან გადავდგი თუ არა, ვიგრძენი, სადღაც გადავვარდი. მკლავი მქონდა ამოვარდნილი და თურმე ადგილზევე ჩემით ჩამისვამს. ასე ცხოველებს ემართებათ ხოლმე" - ამის შესახებ მომღერალმა ოთო ნემსაძემ გუშინ ფილარმონიაში მომხდარ ინციდენტზე განაცხადა.
"გადავრჩი! წამებში მოხდა ყველაფერი: რომ ვიგრძენი, ვვარდებოდი, პირველი რაც ვიფიქრე, თავი არ დამერტყა, არც დამირტყამს, უბრალოდ ბავშვი დამეცა ზემოდან, ორმაგი დარტყმა მოხდა და მხარი მაგ დროს ამომივარდა. პატარა საბედნიეროდ, გადარჩა, ადგა და გაიქცა, მე ნახევარი საათი ხელს ვერ ვშლიდი, ვერ ვმოძრაობდი. არ ინერვიულოთ, რა მოხდა მერე, რამდენ სპორტსმენს ამოვარდნია მხარი?!
საავადმყოფოდან ერთ საათში სახლში გამომიშვეს. სისხლჩაქცევები რომ გაიწოვება, მერე კიდევ ერთხელ ჩავიტარებ გამოკვლევას. მოკლედ, გუშინ ყველაფერი მომივიდა - კონკურსი მოვიგე, სიხარულისგან ვღრიალებდი ისე, ლამის გული გამიჩერდა და ბოლოს ლამის თავიც გავიტეხე," - აღნიშნა მომღერალმა.
"ამბები.ჯი"