(რეზონანსი) ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე წუხელ სცენიდან გადავარდა, რის შედეგადაც მომღერალმა ფეხი დაიზიანა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ნემსაძე გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა.
დღეს კი მომღერალმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ არაფერია საგანგაშო და თავს კარგად გრძნობს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მხარი დაუჭირა ან არ დაუჭირა და მზადაა, ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარადგინოს.
"10 წელია, ხალხი რომელიც გვერდით მიდგას, გუშინ განსაკუთრებით გვერდით დამიდგა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მოგება პატარა საქმე არ არის. თქვენთან ერთად შევძელი და თქვენს გარეშე მართლა არაფერი გამოვიდოდა.
ემოციებით გადამწვარი ვარ, საუბარიც კი მიჭირს - ყველას ძალიან დიდი მადლობა!,"- აღნიშნა ნემსაძემ.
მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე" წარდგება.
პრაიმტაიმი