(რეზონანსი) "მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს", - ამის შესახებ განცხადებას ჟურნალ "OK"- თან კომპოზიტორი გია ყანჩელი აკეთებს.
"ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან - თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.
მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები. სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.
იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები..."- აცხადებს კომპოზიტორი ჟურნალთან.