(რეზონანსი) ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" გორის საკრებულოში დაიშალა. სავალდებულო სამი წევრიდან ფრაქცია ერთ-ერთმა წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა დატოვა. ინფორმაციას "2020news.ge" ავრცელებს.
ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით, საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ირმა ამბარდნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინ მიმართა. რეზოლუციის დადების შემდეგ, ის უკვე განსახილველად გადაეგზავნა სამანდატიო-საპროცედურო კომისიას.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძესთვის უცნობია რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს ფრაქცია საკმაოდ აქტიური იყო.
"ირმა ამბარდნიშვილის განცხადება ელექტორუნლად მივიღე, პირადად არ შევხვედრილვარ. მისი განცხადება მომავალ კვირას განიხილება. სამწუხაროდ, ფრაქცია უკვე დაშლილია, რადგან ფრაქციაში აუცილებლად 3 წევრი უნდა იყოს. „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ერთ-ერთი აქტიური იყო. თავად, ირმაც ძალიან აქტიური იყო, ყველა პროექტებში ჩართული იყო. არ ვიცი რა მოხდა, რა არის ამის მიზეზი ვერ ვიტყვი", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ირმა ამბარდნიშვილის წასვლის შესახებ, ჯერ პარტიაში არ განუმარტავთ. რაც შეეხება ფრაქციის სხვა წევრებს, ამბობენ რომ საკითხთან დაკავშირებით ინფრომირებული არ ყოფილან.