(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან ერთად საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავა.
უფრო კონკრეტულად დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, „ქურდული სამყაროს" წევრი - ბ.ჩ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ", - განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.