2015-18 წლებში საქართველოში 28 940 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს ინფორმაციით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში, ჯამში, 4912 სტუდენტი სწავლობდა, 2016 წელს - 5716, 2017 წელს - 8602, ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს - 9710.
რაც შეეხება ქვეყნებს, როგორც გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის. თუ 2015 წელს საქართველოში 1072 სტუდენტი მხოლოდ ინდოეთიდან შემოვიდა, 2018 წელს ეს ციფრი 5008-მდე გაიზარდა. 2015-18 წლებში კი, ინდოეთიდან შემოსული სტუდენტების რაოდენობამ ჯამში 10 428-ს მიაღწია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2015-18 წლებში 8439 სტუდენტია შემოსული, ამავე პერიოდში, ერაყიდან - 2299, თურქეთიდან - 1422, ნიგერიიდან - 1895, რუსეთიდან - 1183, ირანიდან - 742, ხოლო სირიიდან - 433.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლებლად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა მცირეა.
2015-18 წლებში ჯამში გერმანიიდან სასწავლებლად 36 სტუდენტი ჩამოვიდა, დიდი ბრიტანეთიდან - 30, საბერძნეთიდან - 47, პოლონეთიდან - 14, შვედეთიდან - 6, უკრაინიდან - 145, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 143.
(აიპიენი)