ქარელში ახალგაზრდა ქალი - მაკა ე. ორი წლის შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა ბავშვის დედა ბებიის საჩივრის საფუძველზე აიყვანეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, რომ მისი რძალი მცირეწლოვანს სასტიკად სცემდა. ბრალდებული ქალი ამჟამად რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ბავშვი კი მინდობითი აღზრდით სხვა ოჯახში გადაიყვანეს.
შემთხვევის დროს ბავშვის მამა საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით შვილის დაბრუნების უფლება არც მას ეძლევა.
„ბავშვს არ მაძლევენ. მეუბნებიან კანონი არის ასეთიო. დედაჩემს დაუწერია საჩივარი, მაგრამ ახლა რომ ჰკითხოთ, ვერც კი იხსენებს ამ ფაქტს. ბავშვს მაგიდიდან კვერცხი გადმოუგდია და უბრალოდ დატუქსა ჩემმა მეუღლემ, ბავშვს რომ უტირია დედაჩემს ეგონა, რომ სცემსო და წავიდა პოლიციაში. იქ კიდევ ბუზი სპილოდ გადააქციეს. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ახლა იგონებენ, თითქოს ბავშვი მოუვლელი იყო, ჩემი მეუღლე სვამდა და ასეთი სუსულელეები“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბავშვის მამა, რომელმაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი მეუღლე დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.