(რეზონანსი) "მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის ბინის გაქურდვის ბრალდებით 39 წლის ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა.
სახლიდან დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულებია წაღებული. როგორც ირკვევა, ქალს მოპარული ნივთები გაყიდული არ ჰქონდა. ნაწილი სახლში უპოვეს, ნაწილს სად ინახავდა ისიც მითითებული აქვს, რომელიც როგორც ნივთმტკიცებები საქმეს დაერთო.
იმასაც ამბობენ, რომ "მოპარულ საყურეებსა და სხვა საკმაულებს თურმე ხმარობდა კიდეც".
"თავიდანვე მქონდა ეჭვი, მაგრამ არ ვიცი, რატომ დავაგვიანე პოლიციაში გაცხადება. შევიკავე თავი, მაგრამ ფიქრებმა არ მომასვენა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს დანაშაული მისი ჩადენილი იყო და განვაცხადე. მალევე დააკავეს, ნივთები ამოღებულია, მოხდა ნივთების ამოცნობა და როგორც ვიცი, ყველა ჩემი ნივთი გამოძიებას აქვს.
ხელმისაწვდომ ადგილას მქონდა ეს ნივთები. არ ვიცი, ერთიანად გაატანა თუ ნაწილ-ნაწილ. მე ერთდროულად აღმოვაჩინე, რომ აღარ მქონდა. ამის შემდეგ, ის მოულოდნელად წავიდა ჩვენი სახლიდან, არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია, არც ის უთქვამს, რომ მიდიოდა. მე ვურეკავდი ტელეფონზე, გათიშული ჰქონდა და ვერ ვუკავშირდებოდი. როგორც ახლა ვიგებ, ჩვენი სახლიდან წასვლის შემდეგ ის საზღვარგარეთ იყო სამი თვით წასული და მერე დაბრუნდა", - ამბობს ონაშვილი "გზასთან".
ქურდობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს, რომელიც 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.